ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს დასრულდება შენობაში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირების პროცესი.
„პრევენციული ღონისძიებების გატარება 7 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. იმავე დღეს დაიწყო და გრძელდება, როგორც მომსახურების სივრცეებისა და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების სპეციალური საშუალებებით დამუშავება.
ბათუმის იუსტიციის სახლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის.
იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდების პროცესი უმოკლეს ვადებში აღდგეს. სამუშაო რეჟიმის განახლების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება“, – აღნიშნულია იუსტიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.