დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკოტინის და თამბაქოს მოხმარება ადამიანს კორონავირუსისგან იცავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განცხადა.
„ითქვა, რომ თითქოს ვინც სიგარეტს და თამბაქოს ეწევა, მას დამცველობითი უნარი აქვს. არა, ბატონო, ნუ ავყვებით ამ ტყუილებს. თამბაქო პირველ რიგში გახლავთ გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ასთმის და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ბევრი კვლევაა უკვე, რომ მწეველებში COVID-ი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ამიტომ ამ ტიპის ინფორმაციებს ნუ ავყვებით, რომლის უკანაც კიდევ სხვადასხვა ინტერესი დგას“,- განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.