ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივარი ვირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი პროტოკოლის დაცვის შესაბამისად დაიშვება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვებასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებით შესაბამის პროტოკოლში ცვლილებები მომდევნო კვირაში შევა, რის შემდეგაც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რაღაც შეზღუდვების მოხსნა. დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს და საბჭოს წევრებს სტადიონებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა მოვახსენე. ალბათ, უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონს მიაღმა ვიწრო სივრცეში იკრიბებიან გულშემატკივრები. ნამდვილად არ არის სასურველი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ან თუნდაც კოვიდთან მიმართებაში მათი ერთად ყოფნა და ნახვა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით საკითხი დადგა. ძალიან პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება. რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით. განისაღვრება თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი შეიძლება დავუშვათ სტადიონზე. ეს იქნება დისტანციის დაცვით. არ მოხდება ისე, რომ ყველა ერთ ადგილას იყოს თავშეყრილი. სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, სტადიონზე დავუშვებთ. თუმცა, ხაზს ვუსვამ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება განსაზღვრული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტადიონზე შესვლამდე იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი. ასევე ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობიაშვილმა.