მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.
მომხდარ ფაქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ნახეთ როგორია მათი შეფასებები:
ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიის ძალადობით გადაფარვა, მხოლოდ იმ ადამიანის ინტერესში შედის, რომელსაც სამართლიან არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
„ თავისუფალი დემოკრატები“ ვეხმიანებით და ვგმობთ მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პირობაა და მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და მათზე თავდასხმა. „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“.
„ცოტა ხნის წინ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ცემეს. ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდღიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან. – ელენე ხოშტარია
თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა „ზონდერობას“.
„პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. “ფორმულა”, “მთავარი”, “პირველი” – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ“, – გიგი უგულავამ.
ხელისუფლებამ ფრონტის ხაზი გახსნა აკეთებს იმას, რასაც ყველა არჩევნებზე აკეთებდა და დღევანდელი დღე გამონაკლისი არ არის. ხელისუფლება ცდილობს, რომ ძალის დემონსტრირება გააკეთოს და თითქოს მოსახლეობა დააშინოს, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმა მუშაობს. ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამ ყველაფერს უკუძალა გააჩნია და ამით ამომრჩეველი, პირიქით, ღიზიანდება. – ზაალ უდუმაშვილი
„ქართუოლი ოცნება“ თავის ჩვეულებას არ ღალატობს და ცდილობს, რომ ამ ძალადობით რაიმე შედეგს მიაღწიოს. „ქართულ ოცნებას“ შეეძლო თავის დასასრული მშვიდად მიეყვანა. თუმცა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი მმართველობა ცუდად დაასრულონ. – გივი ქველაძე
„ძალიან რბილად და ლამაზად არის ნათქვამი ოლიგარქიული მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, ჩრდილოვანი მმართველობა და ხალხი შეიძლება ვერც იგებს ამ უბედურების ნამდვილ შინაარსს. არის ბანდიტი სახელმწიფო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ყველაფერზე და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული, დააჯდნენ სახელმწიფო საწარმოებს და წლების განმავლობაში გაღატაკებული ხალხი და გამდიდრებული ოლიგარქის გარემოცვა და უნდათ აი ამ სიკეთეების შენარჩუნება სწორედ ძალადობრივი გზით. ხელისუფლება გააფრთხილა ათჯერ როგორც ევროპამ, ასევე ამერიკამ, რომ ნუ იქნება ძალადობა – ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას აპირებდნენ წინასაარჩევნოდ, რა იყო მათი მუდმივი ხელწერა ამ 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისას. ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა და მუქარა. ყველაფერი რომ შევაჯამოთ ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს მათ ხალხი გასცემთ საკადრის პასუხს“, – რომან გოცირიძემ.
“აქ არის ძალადობის ეპიცენტრი. უმთავრესი გზავნილი, ძალიან მკაცრი, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ არის ის, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. იმიტომ, რომ ეს ასე თუ არ მოხდება და გაგრძელდება დაუსჯელობის სინდრომი, რამაც დაისადგურა „ქართული ოცნების“ პირობებში, ამას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი კრიმინალი, ამას მოჰყვება კიდევ უფრო მეტი განუკითხაობა და ამას მოჰყვება ის, რომ ადამიანები აღარ გრძნობენ თავს დაცულად“, – თინა ბოკუჩავა.
ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა, ის რაც ორი დღის წინ ბოლნისში, გუშინ გლდანში, დღეს მარნეულში და ზოგადად მთელ საქართველოში ხდება. ამ ხელისუფლებას ან პროცესების მართვის უნარი აღარ შესწევს ან თვითონ არის ინციდენტის ინსპირატორი. ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და წაახალისა. – ბადრი ჯაფარიძე
“განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება. კატეგორიულად მოვუწოდებთ სამართალდამცველებს – სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში“ – მამუკა ხაზარაძე
წინასწარი მონაცემებით, რაც ვიცით, ეს არის პროვოცირებული დაპირისპირება და პროვოკაცია მოდის იმ პოლიტიკური გუნდიდან , რომელსაც, რასაკვირველია, გამოცდილებაც აქვს ამ პროვოცირების და რასაკვირველია, აწყობს დაძაბულობა. დაბალი რეიტინგის პირობებში, ერთადერთი გზა მათი წარმატებისათვის არის დაძაბულობა და დესტაბილიზაცია. არ უნდა დაუშვას ჩვენმა საზოგადოებამ ის, რომ ახდეს მავნებლური პოლიტიკური ძალების ოცნება და დაპირისპირება გახდეს წინასაარჩევნო მთავარი დამახასიათებელი ნიშანი – გია ვოლსკი
„სრული განუკითხაობაა მარნეულშიც, ბოლნისშიც და გლდანულაშიც. კორპუსებიდან, სადაც ბავშვები და ქალები არიან, ქვებს ისვრიან. ეს ხელისუფლება არ არის – ეს ხალხი ზოოპარკში უნდა იჯდეს, გალიებში. ამათი სამინისტროში, უწყებაში ან პარლამენტში ყოფნა, როგორ შეიძლება და შემდეგ ბატონი კობახიძე გამოდის და როგორც 20 ივნისს, კიდევ აქეთ „გვეკაჩავება“ და იძახის, რომ თურმე ნასვამები იყვნენ, თურმე პროვოკაცია მოაწყვეს და თავები ურტყეს „ქართული ოცნების“ ზონდერ ბრიგადის მუშტრებს. მანქანა დამსხვრეულია, ჟურნალისტები გალახულია, კადრები არსებობს – ბატონებო, ყველაფერს მიიღებთ, რაც დაიმსახურეთ“, – გრიგოლ ვაშაძემ.
„სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება, რადგან „ოცნება“ დღეს იმ ხალხითაა გავსებული, ვისაც ქვის და ჯოხების მეტი არაფერი უნახავს. მოკლედ, სტილი დაცულია, არაფერი შეცვლილა – ხალხი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა 2012 წელს, იგივე ხალხი იბრძვის 2012 წლის ღირებულებების დასაცავად. ამიტომ, მესამე და მეოთხე ძალა კი არა, ხალხის ძალა უნდა გამოჩნდეს. მაშინ, როდესაც ხელისუფლება შიმშილს და საჩხერის მოდელს სთავაზობს ხალხს, არამგონია უფუნქციოდ დატოვებული, უმუშევარი ადამიანები დასხდნენ და ასე მშვიდად უყურონ როგორ ახრამუნებენ ვიღაცები უცხოეთიდან შემოსულ დახმარებას. აი, ამიტომ უნდა დასრულდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს „ოცნების“ ხელისუფლება”, – დავით ჭიჭინაძე.
,,ეს ადამიანები წახალისებული არიან მმართველი გუნდის მიერ, რაზეც მიუთითებს მათი გუშინდელი განცხადებაც. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა, საჯარო მოხელეები იღებდნენ მონაწილეობას ამ ძალადობაში და „ქართული ოცნება“ შავი სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად, პირდაპირ საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციური აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მოვითხოვთ ყველა მოძალადის უმკაცრესად დასჯას, განსაკუთრებით იმ საჯარო მოხელეების რომლებიც იყვნენ ამაში ჩართული. გეყოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ძალადობით ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. აღარ გინდათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა გააგრძელოთ? აღარ გინდათ, რომ საჯარო აქტივობა გქონდეთ? ეს ძალადობა დაასამარებს თქვენს პოლიტიკურ ამბიციებს, ასეთი ქმედებებით თქვენ პოლიტიკურ სამარეს ითხრით საკუთარი თავისთვის,“ – სერგო ჩიხლაძე.
გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის საარჩევნო გარემოს დაძაბვის, არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა. ეს არის გზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის – მართლწესრიგის მორღვევამდე. დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, დღეს ადამიანებს სჭირდებათ პასუხები კითხვებზე. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი, უარესის შიშით. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების გზაზე დააყენოს ქვეყანა“, – დავით ბაქრაძე.
პასუხი გაეცემა ყველა დანაშაულს, თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადამიანების წინააღმდეგ.ის, რაც ხდება მარნეულში, ეს არის დაშინების ორგანიზებული კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, უბრალოდ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რეალურად დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები მათთვის ძალიან სავალალო შედეგით დასრულდება, ამიტომ გადავიდა პირდაპირ ძალადობის და დაშინების კამპანიაზე. – სალომე სამადაშვილი
ვიდრე გამოძიება არ ჩატარებულა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, თუ რომელი მხარე იყო პროვოკაციის ინსპირატორი-ძნელია, თუმცა მედიაზე თავდასხმა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ გამოძიება კომპეტენტურად ჩატარდება და თავის სიტყვას იტყვის, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 8 წლის შემდეგაც, კვლავ ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული წინა წლებში მომხდარი ინციდენტები, ასევე მოქმედი ხელისუფლება, კვლავ ინარჩუნებს ე.წ. „ზონდერებს“ და მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართლებრივი კუთხით არ რეაგირებს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ფონს ქმნის,“ – პარტია “თავისუფალი საქართველო”.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.