ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გუშინდელ აქციაზეც გაუსწორდნენ.
“პალიტრანიუსის” ოპერატორი ამბობს, რომ მას პარლამენტთან უცნობი პირი თავს დაესხა და დაზიანებები თავის არეში მიაყენა. პოლიციამ კი მოძალადე პირი მხოლოდ ტერიტორიიდან განარიდა.
“ერთი პირი იყო თავდამსხმელი, როგორც მახსოვს, ერთხელ დამარტყა ერთმა პიროვნებამ, ვინ არის არ ვიცი. პატარა კორიდორივით შეიქმნა პოლიციასა და ჩვენს შორის. პირველი ვიდექი, ამოვარდა და დამარტყა, არ აქვს მნიშვნელობა იქ მე ვიდგებოდი, თუ სხვა ადამიანი, როგორც კი თავისუფლება დაინახა გამოვარდა და დამარტყა. იმ დროს ვერ ვიგრძენი ვერაფერი, მაგრამ ახლა მტკივა ყველაფერი, თავი ხელი, ორგანიზმი, მერე და მერე ამტკივდა”,-ამბობს პალიტრანიუსის ოპერატორი.
რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები თავს ესხმოდნენ სამოქალაქო აქტივისტებსაც
“9 აპრილის ქუჩაზე, სუს-ის შენობასთან შევხვდით ნატა ფერაძეს და ტრანსგენდერ ქალებს და ჩამოვდიოდით აქციაზე მედიისთვის სოლიდარობის გამოსახატად. მოძალადე ჯგუფმა კვერცხები დაგვიშინა, პოლიციამ იმ მომენტში მოახდინა რეაგირება და ვითომ განრიდება გააკეთეს ამ მოძალადეების, ვითომ გვიცავდნენ, პოლიცია ჩამოგვრჩა საკმაო მანძილით და გამოატარეს ეს მოძალადეები, რომლები თავს დაგვესხნენ და ფიზიკურად გაგვისწორდნენ”,- თქვა სამოქალაქო აქტივისტმა.
გუშინ 6 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი იყვნენ, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ისინი 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ. აქციის დაანონსების შემდეგ რადიკალურმა ჯგუფებმა კონტრაქცია დაგეგმეს ქაშუეთის ეკლესიასთან.
ადგილზე ვითარება რამდეჯერმე დაიძაბა, ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს ქვებსა და კვერცხებს ესროდნენ. ასევე, რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს.