ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისას კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში დღეს დილით ჩამოიყვანეს და გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
,,სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთიდან გადმოყვანილია 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც დადასტურებული აქვთ COVID 19-ის დიაგნოზი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვთ, ისინი მოთავსებულები არიან ნახევრადბოქსირებულ პალატებში სტაციონარულ მკურნალობაზე მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ჩიმაკაძემ.