კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში – საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, თემაზე იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებისთვის ქუთაისში ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს კლიმატის ცვლილებების 2030 წლის სტრატეგია და 2021-23 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების სამოქმედო გეგმები განიხილეს. ტრენინგს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრი” ხელმძღვანელი – ქეთევან ცხაკაია უძღვებოდა.
დღესდღეობით, გლობალური პანდემიის პარალელურად მსოფლიოსა და საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანებსა და მთელ პლანეტას, იწვევს სტიქიურ უბედურებებს, გაქრობის წინაშე აყენებს ფლორისა და ფაუნის მთელ რიგ სახეობებს, ხელს უშლის ქალაქებისა და სოფლების მდგრად განვითარებას. კლიმატის ცვლილებები აუნაზღაურებელ ეკონომიკურ ზარალს აყენებს ქვეყნებს, ათასობით ადამიანს უსახლკაროდ ტოვებს. ტრენინგის მიზანი იყო იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებს მიეღოთ ახალი და სწორი ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნონ უფრო ზუსტი ინფორმაცია.
ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ორგანიზაციამ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ საინფორმაციო სააგენტოსთან FirstNews.ge ერთად 24 ივლისს ჩაატარა.