თურქულ გაზეთ „ჰურიეთ“-ში (Hürriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სიბნელე, რომელიც ავღანელ სკოლის მოსწავლე გოგონებს და საერთოდ ქალებს ელოდებათ თალიბების მიერ ქაბულის აღების შემთხვევაში“ (ავტორი – სედაქ ერგინი). პუბლიკაციაში საუბარია იმ „შავ-ბნელ“ პერსპექტივაზე, რომელშიც ავღანელი ქალები აღმოჩნდებიან.
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თალიბანის გამარჯვება აღიარა და 20 წლის შემდეგ იძულებული გახდა, რომ ხელისუფლება ისევ მათთვის გადაეცა. რისთვის დაიწყო ამერიკამ 2001 წელს ომი „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ წინააღმდეგ, თუ ასე სირცხვილით დაასრულებდა?
თალიბები ირწმუნებიან, რომ ისინი ბნელ ძალას არ წარმოადგენენ (როგორც მათ დასავლეთი უწოდებდა) და ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მათი იდეოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაძლოა, მართლაც ასეა, რაღაც მართლაც შეიცვალა, მაგრამ არა ქალების მიმართ.
გაეროში ამას წინათ ავღანეთის შესახებ სპეციალური სესია გაიმართა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა გაეროს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი დებორა ლაიონსი, რომლის თქმით, თუ დასავლეთმა რაიმე ზომები არ მიიღო, ავღანეთს კატასტროფა ემუქრება – ისეთი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ქვეყნის საზღვრებსგარეთაც მოახდენს.
- შიში “თალიბანისადმი” – რატომ ეშინიათ განსაკუთრებით ქალებს?
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გაეროს წარმომადგენელმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება: ავღანელი ქალების მდგომარეობა თალიბების ხელისუფლების პირობებში. როგორც დებორა ლაიონსი ამბობს, ბევრმა ავღანელმა ქალმა შესჩივლა მას, რომ თუ თალიბები ქვეყნის ხელისუფლებაში მოვლენ, ისინი ავღანელ ქალებს ან დახოცავენ, ან ისევ უუფლებოდ გადააქცევენ – და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სახელმწიფო სტრუქტურებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ. დიდი ალბათობით, ქალებს განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებში ძალიან შეზღუდავენ.
„ავღანური საზოგადოება შეშფოთებით ელოდება, რომ მათ ოცნებებს ნათელ მომავალზე, რომლის იმედიც ჰქონდათ, სიბნელის ჩრდილი დაფარავს. ჩემთვის ძნელია გადმოგცეთ ის შიში, რომლებსაც ქაბულში ყოფნის დროს, ქალებთან საუბრისას ვაწყდებოდი“, – ამბობს დებორა ლაიონსი. – „ისინი უკვე საკუთარ თავზე კი არა, საკუთარი გოგონების ბედზე დარდობენ. ერთმა ავღანელმა ქალმა მითხრა – ვნანობ, რომ ქალიშვილს განათლების შესაძლებლობა მივეცი, რადგან ახლა ის შეიძლება ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდეს“. ამ ფრაზის შემდეგ დებორა ლაიონსმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მიმართა: „საბჭოს წევრებო, ვისაც გოგონები გყავთ, განა მოგისმენიათ ამაზე უფრო უიმედო ფრაზა, როცა მშობელი გოგონას განათლებას ნანობს?“.
თუ ავღანეთში მმართველობა სრულად „თალიბანის“ ხელში გადავა, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ქვეყანა დაკარგავს იმ მიღწევებს, იმ პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს, რაც 2002-2021 წლებში მოიპოვა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს თალიბების იდეოლოგია, რომლის მიხედვით ქალები შარიათის კანონებს უნდა დაემორჩილონ და გოგონებს სწავლა-განათლება აეკრძალოთ. გახშირდა თალიბების თავდასხმები განათლების იმ დაწესებულებებზე, სადაც გოგონები სწავლობენ. ყველას ახსოვს საზარელი ფაქტი, როცა 10 მაისს ქაბულში ტერორისტებმა გოგონების სკოლა ააფეთქეს. დაიღუპა 85 გოგონა, 13-დან 18 წლამდე. მართალია, თალიბებმა უარყვეს თავიანთი მონაწილეობა, მაგრამ გამოძიებამ დაადასტურა, რომ სწორედ მათი ჩადენილი იყო.
- მამაკაცები გარბიან, ქალები კი რჩებიან…
ამას წინათ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა მასალა, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები, როცა იგი ქაბულის გოგონათა სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ესაუბრა. მათ ყველაზე მეტად აშფოთებთ ის, რომ ვაითუ თალიბებმა ისევ ჩადრისა და ფარანჯის ტარება მოითხოვონო. ერთ-ერთმა მოსწავლე, 17 წლის ბელქის ნიაზი ამბობს, რომ “თალიბების” ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყანა 100 წლით უკან დაიხევს“. 18 წლის საფიე ჰუსეინი რადიკალურად არის განწყობილი თალიბების მიმართ: „რაც უფრო მეტად შეავიწროვებენ ქალებს, უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებენ. ჩვენ ისეთები აღარ ვართ, როგორც 20 წლის წინ ვიყავით“. საფიეს თანატოლი ბეხიშტე ამინი ამატებს: „მე არ ვიცი, გავაგრძელებს თუ არა სწავლას, მაგრამ თუ მამაკაცებს შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენ არანაკლებს შევძლებთ“.
თუმცა… მიუხედავად იმისა, რომ გოგონები თამამად ლაპარაკობენ, მაინც ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ თუ, რა ელოდებათ ახლა ბელქისს, საფიესა და ბეხიშტეს. სკოლის დირექტორი ნესრინ ნურზაი მწარედ ამბობს: „ბიჭები ქვეყნიდან გარბიან, გოგონები კი რჩებიან.
წყარო: ამბები.ჯე