ვინ შეასრულებს პრემიერის მოვალეობას და რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია – ამ საკითხებზე განმარტება კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
“მთავრობის ფუნქციას ასრულებს არსებული მთავრობა, გარდა პრემიერ-მინისტრისა, რომლის თაობაზეც ნათქვამია, რომ გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს მაშინვე უწყდება უფლებამოსილება და პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ვიცე-პრემიერი. მინისტრები რჩებიან თანამდებობაზე ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე და ახალი მთავრობის შექმნამდე.
კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ორი კვირის ვადაში “ქართულმა ოცნებამ” უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ამ კანდიდატმა უნდა შეადგინოს მთავრობა, ყველა მინისტრი სახელობრივად უნდა განსაზღვროს და პარლამენტს სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს ორი კვირის ვადაში და ამ ორი კვირის ვადაშივე კენჭი უნდა უყაროს ამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.
თუ ორი კვირის ვადაში ეს პროცესი არ დასრულდა, ან პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ იწყება შემდეგი პროცესი – ისევ ორი კვირის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში, მეორე შედეგის მქონე პარტიამ უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ან პარლამენტის არანაკლებ 50-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მთავრობის შემადგენლობა, პროგრამა და კენჭი უნდა ეყაროს მისთვის ნდობის გამოცხადებას. თუ ორი კვირის განმავლობაში ვერც ეს მოხერხდა და მთავრობა ისევ ვერ შეიქმნა, მაშინ მომდევნო 1 კვირის ვადაში, ანუ მთლიანობაში ეს გამოდის მეხუთე კვირაში, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
ახლა ვითარება იქნება ასეთი, რა განზრახვა აქვს “ქართულ ოცნებას”, თუ “ქართული ოცნება” მზად არის რიგგარეშე არჩევნებისთვის, მაშინ ის ამ ორი კვირის ვადაში არ შექმნის მთავრობას, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ოპოზიცია არ წარადგენს პრემიერობის კანდიდატს, 50 წევრი არ წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ის ორი კვირაც ჩაივლის უშედეგოდ და ამის შემდეგ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები,” – განაცხადა ვახტან ხმალაძემ.