აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 81 წლის კაცი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 სექტემბერს გადაიყვანა და მისი დიაგნოზი იყო: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით”,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.