”შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არამედ, იმ საკითხებს, რომელიც მათი პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს იმ მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, „რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ“.
“პანდემიის პერიოდში ორმა მილიონა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ყველა ამ პარტიას გვემუშავა პარლამენტში. მოქალაქეების არჩევანს პატივი სცა „ქართულმა ოცნებამ“ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია. ამ პრინციპით – „თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ“ ვერც საარჩევნო რეფორმას ვერ გავაგრძელებთ და ვერ შევთანხმდებით, რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ. ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები. არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ თუ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. 8 მარტის შეთანხმებაზე სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მათ არ შეასრულეს პირობა და არ მოვიდნენ პარლამენტში, როდესაც მათთვის მნიშნველოვანი რეფორმები განიხილებოდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები.
“პოლიტიკური მართლმსაჯულება გახლავთ ის, როდესაც ოპოზიცია სთხოვს მმართველ პარტიას, რომ დავალება მისცეს მართლმსაჯულებას, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე მაგალითად – აი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას აი ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას და ეს იყო ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ის რეფორმები, რომლებიც დღეს ჩვენ განვიხილეთ და რაზეც პოზიციები პრაქტიკულად დაახლოებულია – ეს არის სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ და რომელიც არის არამხოლოდ რომელიმე პარტიის ინტერესებში, არამედ ყველას ინტერესებში. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის რაც სჭირდება საზოგადოებას და ქვეყანას, ოპოზიციაც იგივეს აცხადებს და თუ ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მაშინ მოდით რაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება იმაზე დავაფუძნოთ ჩვენი შეთანხმება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც ის განმარტავს, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და ბოლომდე მიიყვანოს.
„რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელმა აქ თქვა, რომ ყველაფერი გაუარესებისკენ მიდიოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმებაო, ხომ მოისმინეთ ეს განცხადება? მაინტერესებს, გახსოვთ თუ არა, ზუსტად იგივე ადაიანების შეფასებები, აქ როდესაც ბრიფინგები იყო, ყველა მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წინ მიდის, პოზიციები დაახლოებულიაო. ისინი გამოთქვამდნენ პოზიტიურ მოლოდინებს შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს, როცა მათ თქვეს, რომ ვერაფერზე შეთანხმება ვერ მხოერხდა და „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე ხისტი პოზიცია ჰქონდაო, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სანდო იყო ეს განცხადებები. ჩვენ ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები არ გაგვიკეთებია. ვიმეორებ დანიელსონის შეფასებას, რომ ეს პროცესი, ეს დრო არ იყო დაკარგული ტყუილად, საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია და თუ ოპოზიცია მომავალში პრაგმატულად, სამართლიანად შეხედავს პროცესს და წინა პლანზე დააყენებს იმას, რაც საქართველოს და ხალხს ჭირდება და არა იმას, რაც ერთ და ორ პარტიას აინტერესებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევდადია.
საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთის, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და მიიყვანოს ბოლომდე. ასეთი პლატფორმა შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა, შეიძლება იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს კონსტრქუციული პოზიცია და სტრატეგიული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება მომავალში განიხილონ. თალაკვაძის თქმითვე, „კომუნიკაციას პარტიებთან წინ არაფერი უდგას“.