კულტურა, ფართო გაგებით, არის ყველაფერი, რითიც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან, და რაც თაობიდან თაობას გადაეცემა არაგენეტიკური გზით – ზეპირსიტყვიერების, მიზანდასახული სწავლების, წიგნის, ტექნიკური მოწყობილებებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის არაგენეტიკური გზებით გადაცემის უნარი (ე. წ. მემეტიკა), განვითარებული სახით, მხოლოდ ადამიანს გააჩნია.
უფრო ვიწრო გაგებით, კულტურა არის ის, რითიც ერთი ხალხი განსხვავდება მეორისგან – ენა, რელიგია, წეს-ჩვეულებები, ცხოვრების სტილი, სამზარეულო, ხელოვნება, მართვის სისტემა და ა.შ. ამ შემთხვევაში კულტურის სწორედ ეს გაგება გვაინტერესებს, ამიტომ სხვებს აღარ მივმართავ.
კულტურის შემსწავლელი მეცნიერება ბევრია. მათ შორისაა ფსიქოლოგია, უფრო სწორად მისი დარგი, რომელსაც კროს-კულტურულ ფსიქოლოგიას უწოდებენ. იგი სწავლობს კულტურათაშორის მსგავსებებსა და განსხვავებებს ფსიქიკურ პროცესებში, სოციალურ ურთიერთობებსა და ქცევაში, და ცდილობს მათი მიზეზების დადგენას .
მე-18-მე-19 საუკუნეებში გავრცელებული იყო მოძღვრება ეროვნული ხასიათის შესახებ, ანუ რომ ყველა ერს თავისი ხასიათი აქვს: გერმანელები მეთოდურები არიან, მაგრამ იუმორის გრძნობა აკლიათ, ინგლისელები ნებისყოფით გამოირჩევიან და ა.შ. დღეს ამ მიდგომაზე უარი თქვეს, რადგან ერთი ერის შიგნით პიროვნების ტიპები იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია ძირითადი საერთო ნიშნის, ან თუნდაც ნიშნების გამოყოფა.
ამიტომ დღეს საუბრობენ ძირითად ღირებულებებზე, რომლებიც განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში. ღირებულებები ის წამყვანი პრინციპებია, რომლებიც გავლენას ახდენს ოჯახის მოწყობაზე, მეგობრობაზე, განათლებაზე… ყველაფერზე, რასაც ცხოვრების გზამკვლევი შეგვიძლია ვუწოდოთ. სწორედ ღირებულებებით განსხვავდებიან კულტურები ერთმანეთისგან.
წყარო : https://azrovnebisakademia.ge/