უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ სურს მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ ნაწილზე დაწეროს ვრცლად, მაგრამ საზოგადოებისთვის გასაგებად
,,საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ 45-ე მუხლის მეორე პუნქტით „პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა.“
ადამიანის თითოეული უფლების უკან დგას სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია და ცხადია, ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახური, ისე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ორგანო, ვალდებულია მისი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
2021 წლის მიწურულს, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნებისთანავე, ვითხოვთ ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, მას, განსხვავებით სხვა პატიმრებისგან, ამ უფლებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა.
ქართველი ექსპერტების პარალელურად, გადავწყვიტეთ საქართველოში მოგვეწვია ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი, კორნელიუს კატონა, რომელსაც მისი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე 2000-ზე მეტი სამედიცინო დასკვნა აქვს მომზადებული, არის ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ბრიტანეთის სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტი.
მისი განათლება: MB BChir (Cantab) 1978 კემბრიჯის უნივერსიტეტი; MRCPsych 1983 სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯი; MD 1990 კემბრიჯის უნივერსიტეტი; FRCPsych 1994 სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯი.
ის 2012 წლიდან ჰელენ ბამბერის ფონდს ხელმძღვანელობს, ხოლო 2019 წელს პროფესორ კატონას მიანიჭეს სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის საპატიო სტიპენდია, რომელიც წარმოადგენს კოლეჯის უმაღლეს ჯილდოს.
იგი წარმოადგენს მონობის საწინააღმდეგო ალიანსის (AMSA) საბჭოს წევრს. პროფესორი კატონა ასევე არის კენტის უნივერსიტეტის პროფესორ-ემირატუსი (2009 წლიდან).
ბატონი კატონა უკვე დეტალურად იცნობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ დასკვნებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო დოკუმენტაციას და თანახმაა ჩამოვიდეს საქართველოში ექპერტიზის ჩასატარებლად.
საქართველოს კანონმდებლობა ბატონი კატონას ექსპერტიზაში ჩასართავად მოითხოვდა გარკვეული პროცედურების გავლას, მათ შორის მისი, ბრიტანეთში გაცემული სამედიცინო ლიცენზიის საქართველოში აღიარებას პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
ამ მიზნით, კანონით დადგენილი წესით, სამედიცინო დაწესებულებამ (რომელსაც წარმოადგენს ექსპერტიზის ჩატარების ლიცენზიის მქონე ორგანიზაცია – ცენტრი ემპათია) საბჭოს 2 თვეზე მეტია მიმართა (2022 წლის 18 თებერვალი).
ბატონმა კატონამ სრულად მოგვაწოდა საჭირო დოკუმენტაცია, ისინი ითარგმნა ქართულ ენაზე და დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციასთან ერთად წარედგინა ხსენებულ საბჭოს.
და 2 თვის და 10 დღის შემდეგ, 29 აპრილს, საბჭოდან კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ წერილობით ეცნობა ცენტრ “ემპათიას”, რომ ექსპერტისთვის ლიცენზიის ასაღიარებლად წარადგინოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინასწარი თანხმობა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ექსპერტიზას ატარებს და ექსპერტს იწვევს არის არა სპეციალური პენიტენციური სამსახური, არამედ ცენტრი „ემპათია“ და მას ეს თანხმობა უკვე აქვს წარდგენილი, ხოლო პენიტენციურ სამსახურს „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება უარი თქვას ლიცენზირებული ექქპერტის დაწესებულებაში შეშვებაზე, თუ ექსპერტიზა დანიშნულია მხარის მიერ.
გვსურდა, ეს საკითხი გადაწყვეტილიყო პოლიტიკის მიღმა, კანონისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესის კონტექსტში, და მაღალი რეპუტაციისა და ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტური შეფასება.
ამიტომაც, არც წინასწარ და არც ამ 70 დღის მანძილზე ზედმეტი ხმაური არ დაგვიწყია და ამ საკითხის რუტინულად გადაწყვეტას ვცდილობდით.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეს არ სურს და დამატებითი, ხელოვნური ბარიერების შექმნით ცდილობს ექსპერტიზის ჩასატარების თავიდან აცილებას, რაც შესაძლოა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდეს – ობიექტურად არსებული მდგომარეობის მიჩქმალვას.
თუ კითხვები იარსებებს, მტკიცებულებად აქ დაწერილ თითოეულ სიტყვაზე მზად ვარ სათანადო დოკუმენტები წარმოვადგინო.”-გიორგი მშვენიერაძე.