“5-6 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციების შემდეგ, ხშირად გაიგონებთ ჟურნალისტების მიმართ გამოთქმულ მწვავე და უმეტეს შემთხვევაში, უხამს კრიტიკას, როგორ დაიმსახურეს ხალხის რისხვა მათი საქმიანობის გამო; რომ დროა დაფიქრდნენ, რატომ არ უყვარს ისინი საქართველოს მოსახლეობას.
არ მესმის, ვერც ვერასდროს გავიგებ და მივიღებ ფაქტს, რომ ხალხი გამწარებულია ჟურნალისტებზე, მათი საინფორმაციო პოლიტიკის გამო. რატომ არ უხეთქავს იგივე ხალხი თავებს სულელ მინისტრებს, ბოლო რამდენიმე კორუმპირებულ პრემიერმინისტრს ან ავყია დეპუტატებს?! არაერთ მძიმე დანაშაულს სჩადიან ხელისუფლებაში მყოფი კორუმპირებული ჩინოვნიკები, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულებს და ხალხი არათუ სცემს, ახალი ვადით ირჩევს მათ ხელისუფლებაში მოსასვლელად.
რატომ არ სცემენ და აგინებენ უსინდისო ბიზნესმენებს, ხელისუფლების წარმომადგენლების მფარველობით, მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს რომ იგებენ უკონკურენტოდ ან ხალხის კუთვნილ ქონებას და მიწას იაფად ითვისებენ?!
რატომ არ სცემენ ბიძინას მოწყალე ხელის შემყურე ინტელიგენციას?! სწორედ ისინი არიან ცრუ საარჩევნო დაპირებების მქადაგებლები; უპასუხისმგებლო მატყუარები, რომლებიც დღეს, როცა ხელისუფლება სრულიად გაბანკროტდა, არ იზიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, მოტყუებული ხალხის წინაშე. დაგავიწყდათ, ხუთი მილიონი თითო სოფელს, უპროცენტო სესხები და კარაქიანი პურიო, რომ გაჰყვიროდნენ, შარა-შარა?!.. სად არიან ეს ცნობილი და გამოჩენილი ადამიანები?! რატომ დაიმალნენ?!
რატომ არ უხეთქავენ თავს ბიძინას – ამ დეგრადაციის მთავარ რეჟისორს, რაც ქვეყანაში გვაქვს, იმ დიდი ტყუილისთვის, რაც თავს მოგვახვია, აგერ უკვე, ცხრა წელიწადია?!
რატომ არ უხეთქავთ თავებს რუს ოკუპანტებს, ხელიდან რომ გაცლიან იმ მიწას, რა მიწასაც თითქოს ჟურნალისტების და ელგებეტე თემის მცირერიცხოვანი წარმომადგენლებისგან იცავთ?! იმათ ვერ ერევით, ჰო?!
ჟურნალისტებს ერჩით მათი სარედაქციო პოლიტიკის და ზეკონკურენტულ გარემოში რეიტინგის ამაღლების მიზნით, რეზონანსული რეპორტაჟების გამო?!
ხალხის ქონება მაინც არ წაურთმევიათ და მიუთვისებიათ ჟურნალისტებს!
რა მოპარეს ხალხს ნიკა გვარამიამ ან ინგა გრიგოლიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა და დიკო ჯოჯუამ?! რა დააშავა ლექსო ლაშქარავამ?!
რა მოგპარეს თქვენ, ადამიანებო, ვინც ორი კვირის წინ დაასახიჩრეთ ეს ადამიანები და დღეს ლანძღავთ და წყევლით?!
არც არაფერი!