ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი „რადიო თავისუფლებასთან“ დეტალურად განმარატავს, რატომ არ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაციის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე,
“ჯერჯერობით, მსოფლიოს ასეთი მიდგომა აქვს, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა და კონტროლის პრევენციის ცენტრი, ევროპის წამლის სააგენტო, ბრიტანული მარეგულირებელი, არავინ უწევს რეკომენდაციებს, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდგომ ჩაიტარონ ტესტი ანტისხეულებზე, რადგან ეს არ არის არანაირი ინფორმაციის მომცემი მოქალაქეებისთვის.
ვაქცინების მუშაობა და მათი ეფექტი, მეცნიერულად უკვე შესწავლილია, ამიტომ რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა რუტინულად ეძიონ საკუთარ სხეულში ვაქცინაციის შემდგომი სტატუსი, არასწორია” – ამობს კულუმბეგოვი.
კითხვაზე: როგორ შეიძლება წავიკითხოთ ტესტის პასუხები? თუკი ჩვენს სხეულში აღმოჩნდა ბევრი ანტისხეული, ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ დაცულებივართ ვირუსისგან? ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს:
“არა, არ ნიშნავს, რომ ბევრი ანტისხეული ჩვენ უფრო უკეთ გვიცავს დავირუსებისგან. ვაქცინის ორგანოში მოხვედრის შემდეგ ვითარდება ორი ტიპის იმუნიტეტი. ერთი, ეს არის ანტისხეულებზე დაფუძნებული იმუნიტეტი და მეორე, იმუნიტეტი, რომელიც უჯრედული რგოლით, ანუ T და B ლიმფოციტებით არის განპირობებული და არა მხოლოდ ანტისხეულებით.
ანტისხეულები სწრაფი მორეაგირეა და თუკი ადამიანს აქვს კარგი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ისინი ადამიანს იცავს ინფექციის შემოჭრისგან, ასევე იმისგან, რომ არ იყოს ინფექციის გამავრცელებელი და ა.შ. თუმცა, მეორე ტიპის იმუნიტეტი, T და B ლიმფოციტური იმუნიტეტი, ძალიან აქტიურად იცავს ადამიანს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და სიკვდილისგან. ამიტომ, წუხილი იმაზე, რომ მაგალითად, ტესტის შედეგად არ აღმოჩნდა ანტისხეული და ე.ი. გამოდის, რომ იმუნურმა სისტემამ არ იმუშავა, ეს მიდგომა არასწორია.
გარდა ამისა, მეორე ნიუანსია, შესაძლოა, მე მქონდეს ჯამური ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი, მაგრამ თუკი მე ცალკე არ მაქვს გაკეთებული ტესტი მანეიტრალიზირებელ ანტისხეულებზე, ე.წ. რეცეპტორდამაკავშირებელ დომენის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, გამოდის, რომ ზუსტ ინფორმაციას მაინც ვერ ვფლობ.
მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შესაძლოა მე მქონდეს 100 ანტისხეული და აქედან მხოლოდ ორი იყოს მანეიტრალიზირებელი და ამ დროს, შესაძლოა ვიღაცას ჰქონდეს 5 ანტისხეული და სამი იყოს მანეიტრალიზირებელი.
გამოდის, რომ ის ადამიანი უფრო დაცულია, ვიდრე მე. ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ კორელირდება დაცვის ხარისხთან, ანუ, რამდენად დაცულია ადამიანი” – ამბობს ექიმი.