გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით „ცინიკურ“ თამაშში დაადანაშაულა.
„პუტინის თამაში მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია.
სატვირთო გემებს თავისუფალი გასვლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ პუტინის გამო არ ეძლევათ. რუსეთი გლობალურ შიმშილს ამძაფრებს“, – განაცხადა ბერბოკმა. მან ასევე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი არ არის მზად, ერთბაშად დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას.