უკრაინის პრეზიდენტმა ომის 33-ე დღე მისი მორიგ ვიდეომიმართვით შეაჯამა – ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საჭიროებებზე საუბრობს, კიევის ოლქში უკრაინის წარმატებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიტუაცია ზედმეტი ეიფორიის გარეშე უნდა შეფასდეს.
ვიდეომიმართვაში ზელენსკი აზუსტებს, რომ რუსულ სამხედრო აგრესიას უკვე 143 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო ყველაფერ იმის გამო, რასაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ აგრესორი იმსახურებს დამატებით სანქციებს, მათ შორის ნავთობის ემბარგოსაც.
“უკრაინა არ დათანხმდება და არ შეეგუება რომელიმე სუბიექტის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ნეიტრალურ დამოკიდებულებას. გასულ წელს ვსაუბრობდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება აუცილებელი იყო, რათა უკრაინაში შემოჭრა თავიდან აგვეცილებინა. პრევენციული პაკეტი არ შეიმუშავეს და ომიც დაიწყო.
ახლა ევროპაში გავრცელდა მოსაზრებები, რომ სანქციების გამკაცრება და ემბარგო იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. დაფიქრდით, სადამდე მივედით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ველოდებით. ანუ, ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ქიმიურ იარაღს უნდა დაველოდოთ?! ნუთუ ის ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ნუთუ ის ფოსფორის ბომბები, ატომური სადგურის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, ქიმიური სადგურის დაზიანება ემბარგოს არ იმსახურებს?!
გვინდა, რომ სანქციები იყოს მკაცრი და იმის შესაბამისი, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში აკეთებს. თუ სანქციები იქნება სუსტი და რუსეთის ქმედებებთან შეუფერებელი და რუსეთი მას გვერდს მარტივად აუვლის, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუქმნის ილუზიას, რომ შეუძლიათ გააგრძელონ ის, რასაც ახლა აკეთებენ. ამის ფასს კი ვინ იხდის?! – უკრაინელი ხალხი თავისი სიცოცხლით.
უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოსცენ უკრაინას შესაბამისი შეიარაღება. შიში ყოველთვის აგხდის თანამონაწილეს.
ევროპისა და მსოფლიოს ერები ჩემსა და უკრაინის ხმას აუცილებლად მოისმენენ. პოლიტიკოსებს კი ვურჩევ, აქედანვე დაფიქრდნენ, რას მიიღებენ, თუ თავიანთი ერების პოზიციას შესაბამისად არ უპასუხებენ,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.