შეიარაღებული პირი, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი, 48 წლის მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, პუი-დე-დომიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი გამოძახების მისამართზე მივიდნენ და ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ მამაკაცმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავებმა ქალის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მან დაღუპული პოლიციელების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.