“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ ორშაბათს წარედგინება. კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროცედურები და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში:
ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რეგლამენტის შესაბამისად და როგორც კი კომიტეტი დაადასტურებს ხელმოწერების ნამდვილობას, მაშინვე უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის დღეების საქმე. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს.” განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს რაც იმას ნიშნავს, რომ “მათივე ჯაშუშად გამოცხადებულ პრეზიდენტს, დატოვებენ თანამდებობაზე”. კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მთავრობის ნებართვით ახორციელებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა, შესაბამისად, მან კონსტიტუცია დაარღვია.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს.
“100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა. ამით გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი…ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში.” ამბობს კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადად არის ჩართული სარჩელის მომზადებაში – მეც ვარ ჩართული პირადად კი – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
“საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოგვცემს სამომავლოდაც რეაგირების საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რა არის შემდგარი ფაქტი, უბრალოდ ამას სჭირდება სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურება. ეს არის ჩვენი წარდგინების შინაარსი და ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი” განაცხადა კობახიძემ.