“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უნდა გახდეს დაზუსტებით ცნობილი, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
გვიან ღამითვე ოჯახში პატრიარქის სახელით მივიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
“შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია… უსამძიმრებს უწმინდესი და სამღვდელოება მის ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, ალბათ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი,” – განაცხადა არქიმანდრიტმა.
ოჯახის წევრები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა, 5 ივლისს, აქციის აგრესიული მონაწილეების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილიყო.
36 წლის ლექსო ლაშქარავა სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა “სირცხვილიას” ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.