ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
მათ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და 5 ივლისის აქციაში მონაწილე დამნაშავეების დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ჟურნალისტებმა პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო შინაარსის პოსტერებიც გააკრეს, თუმცა აღნიშნული პოსტერები ფასადიდან მალევე ჩამოხსნეს დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებმა.
აქციის შემდეგ ტელეკომპანია “ფორმულასა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებმა, ვახო სანაიამ და ნანუკა ჟორჟოლიანმა პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხეს.
მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ – რატომ არ ისჯებიან 5-6 ივლისის ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, როცა მათ წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
“ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვაქვს შეკითხვები. უპირველესი შეკითხვაა, როდის გადადგება მათი პრემიერმინისტრი”,– აცხადებს ვახო სანაია.