ქუთაისში პარკინგსერვისის მიერ გაფლანგულ თანხებსა და დაგროვებულ 1 მილიონ 700 ათას ლარიან დავალიანებაზე ისაუბრა ”ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მერობის კანდიდატმა ქუთაისში გიგა შუშანიამ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა პარკინგსერვისი ადამიანების გატყავებასა და ”ქართული ოცნების” აქტივისტების კომფორტზე ზრუნავს. გიგა შუშანიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ კომპანიას დავალიანება აქვს და ქალაქში პარკირების სისტემა კვლავ მოუწესრიგებელია, ქუთაისის საკრებულო გეგმავს რომ შპს-ს დავალიანება ჩამოაწეროს:
”ქუთაისის მერიამ შექმნა ”პარკინგ სერვისი” იმისათვის რომ ქუთაისელებისათვის მოეწესრიგებინა საპარკიბგე ადგილები. სამწუხაროდ დღემდე არც ერთი ადგილი არ არის დამატებული და მდგომარეობა გაუმჯობესებული. ყველა ქუთაისელი ხედავს რა დღეში არის საპარკინგე ადგილები, მაგრამ ამის პარალელურად ჯამში, დღიდან შექმნისა ქუთაისელებს უკვე 3 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ ამ შპს-ის შექმნა, მათ შორის 2 მილიონზე მეტი ამოღებულია ჯარიმებისა და ქირის სახით და მთლიანად ეს თანხა დახარჯული არის ”ქართული ოცნების” აქტივისტებისა და მათი კომფორტისათვის. თურმე ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი და ხვალ საკრებულო აპირებს მილიონს 700 ათასი ლარის ჩამოწერასა და გადავადებას პარკინგსერვისისთვის. მიუხედავად იმისა რომ ამოდენა ვალი დაუგროვებია ქუთაისელებისათვის.
ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს სისტემა ორიენტირებული არის არა საპარკინგე სისტემის გაუმჯობესებაზე, არამედ ეს სისტემა ორიეტირებულია ”ქართული ოცნების” ჩინოვნიკებისათვის კომფორტის შექმნაზე და მათი ახლობლების შენახვაზე. ამიტომ 31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ვპირდებით ქუთაისელებს რომ დასრულდება საპარკინგე სისტემის მუშაობა და ჩვენი პროგრამა არ იქნება მიმართული ხალხის გატყავებაზე, ისე როგორც ამას ”ქართული ოცნება” აკეთებს და უფრო მეტიც, სანამ ეს სისტემა არ შეიცველება და არ დაემატება ქალაქს ახალი საპარკინგე ადგილები, ქუთაისისათვის განახევრდება საპარკინგე გადასახადები, იმიტომ რომ ეს არის უსამართლო გადასახადი და არ შეესაბამება იმ მდგომარეობას რაც არის ქუთაისში.” – განაცხადა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე.