პანდემიის მიუხედავად ქუთაისის მერიამ სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში 84,266 ლარი დახარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას მფლანგველი დეტექტორი ავრცელებს
2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა 245,442 ლარი დახარჯეს.
წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს: მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს, საექსკურსიო კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს, სუვენირების შეძენის, საკონსულო მომსახურების, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, სასტუმროში მომსახურების ხარჯებს
2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში covid 19-ის პირველი შემთხვევა დაფისქირდა. მალევე, 2-4 მარტს გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის: შეჩერდა ხალხმრავლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერდა სასწავლო პროცესი… 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომაც, ქვეყანაში კვლავ მოქმედებდა წერტილოვანი შეზღუდვები და ძირითადად მოსახლეობას შეზღუდვების ფონზე უწევდათ ცხოვრება.
შეზღუდვებს შორის აღსანიშნავია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ მოსახლეობას თავი შეეკავებინათ შეკრებებისა და წვეულებებისაგან. მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, საჯარო დაწესებულებები კვლავ განაგრძობდნენ ფულის დახარჯვას წარმომადგენლობით ხარჯების სახით.

მაგალითად, თბილისის მერიამ 2020 წელს წარმომადგენლობით ხარჯებში 142,931 ლარი დახარჯა, მათგან პანდემიის პერიოდში წვეულებებისა და ღონისძიებების ხარჯის სახით 13,518 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებასა და გამასპინძლებაზე კი 12,809 ლარი დახარჯა. თბილისის მერია გასულ წელსაც გამოირჩეოდა წარმომადგენლობითი ხარჯების სიდიდით. 2019 წელს მერიამ ამ მიმართულებით 961,498 ლარი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ თანხები მკვეთრად არის შემცირებული, შეზღუდვებისა და პანდემიის გამო წვეულებებში ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვა კრიტიკულად უნდა შეფასდეს.
პანდემიის მიუხედავად წვეულებების გამართვაში თანხები დახარჯა ქუთაისის მერიამაც. ქუთაისის მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 84,266 ლარი დახარჯა, მათგან 64,651 ლარი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. წარმომადგენლობითი ხარჯები ძირითადად მოიცავს საჩუქრებისა და სტუმრების მიღება/გამასპინძლების ხარჯებს. მაგალითად სექტემბრის თვეში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და თანმხლები პირების გამასპინძლება მერიას 1279 ლარი დაუჯდა. 424 ლარი დაიხარჯა ქუთაისში საქმიანი ვიზიტით მყოფი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და თანმხლები პირების გამასპინძლებისთის.
განსხვავებით თბილისისა და ქუთაისის მერიისაგან, ფოთისა და ბათუმის მერიებმა გაითვალისწინეს მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული შეზღუდვების ფონზე წარმომადგენლობითი ხარჯების სახით ნაკლები თანხები დახარჯეს. ფოთის მერიამ 6,254 ლარი, ხოლო ბათუმის მერიამ 10,284 ლარი დახარჯა.
წყარო: