მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
კონფლიქტის ზონაში არსებულ რეალობას ასახავს ფოტოები, რომელსაც სააგენტო “როიტერსი” აქვეყნებს.
დაპირისპირებული მხარეები ბრძოლებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის არმია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ინტენსიურ ბრძოლას განაგრძობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ 27 სექტემბრიდან დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.
სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ამ დრომდე სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 790 ჯარისკაცი გაანადგურა.
“განადგურებულია 790 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, მათგან 180 – ქალბაჯარის რაიონში. აზერბაიჯანულ მხარეს 1900 დაშავებული ჰყავს, განადგურებულია მათი 137 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი,“- განაცხადა ჰოვანისიანმა.