საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ბელარუსი ყოველთვის დამოკიდებული იყო რუსეთზე და ახლა უფრო მეტად გახდა.
როგორც ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რუსეთს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ ბელარუსში სამხედრო ძალები შეიყვანოს.
„დამოუკიდებელი სახელმწიფო არ უნდა მიმართავდეს სხვა ქვეყანას, ამ შემთხვევაში რუსეთს, იმისთვის, რომ გაუწიოს მფარველობა ქვეყნის შიგნით – ეს არ არის ნორმალური. როდესაც ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ბელარუსს და რუსეთს აქვთ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება დადებული, ამ ხელშეკრულებაში საუბარია სამხედრო დახმარების გაწევაზე, თუ რომელიმე ქვეყანას შეექმნა საგარეო საფრთხე და განხორციელებულ იქნა სამხედრო აგრესია მათზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ბელარუსის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არავინ არ აპირებს და აქედან გამომდინარე, რუსეთს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ ბელარუსში სამხედრო ძალები შეიყვანოს. რუსეთის მხრიდან ეს ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობაა, რომ ჩვენ დავალაგებთ ვითარებას. ბელარუსი ისედაც დამოკიდებული იყო რუსეთზე და ახლა უფრო დამოკიდებული გახდა“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგის შეფასებით, ბელარუსი ეკონომიკურადაც რუსეთზეა დამოკიდებული, რადგან ბელარუსი რუსეთიდან ნავთობს და ბუნებრივ აირს დაბალ ფასში ყიდულობს.
„ბელარუსის ექსპორტის დაახლოებით 35-% რეალიზდება რუსულ ბაზარზე – მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 90%-ზე მეტი. რუსეთიდან კი ბელარუსი დაბალ ფასებში იღებს ბუნებრივ აირს და ნავთობს. ამ შემთხვევაში, რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე იმპორტის მოცულობა დაახლოებით, 58%-ს შეადგენს. აქედან ჩანს ის ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც ბელარუსს აქვს რუსეთთან და ამას ემატება დღევანდელ დღეს, პოლიტიკური დამოკიდებულება, თითქოს რუსეთი თანაგრძნობას უცხადებს ბელარუსს და ლუკაშენკოს რეჟიმს, ხოლო დასავლეთი მათ აკრიტიკებს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, თუ რუსეთმა ბელარუსში ძალები შეიყვანა, ეს ბელარუს მოსახლეობაში ანტირუსულ განწყობილებებს გაზრდის.
„რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ რუსეთმა ბელარუსში რეზერვისტთა ძალები შეიყვანოს, თუმცა ეს დადებით შედეგს არ მოიტანს ლუკაშენკოს რეჟიმისთვის, რადგან ეს მოსახლეობაში ანტირუსულ დამოკიდებულებას გაზრდის, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. ბელარუსში ჯარის შეყვანის არანაირი საჭიროება არ არსებობს. უბრალოდ რუსეთი ცდილობს ძალის დემონსტრირებას“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия-24-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა.