როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.
„როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას ჰქონდა შეთავაზებული მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალეც ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება უკვე საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.