არქეოლოგებმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სამხრეთით მდებარე საქარას სახელით ცნობილ უძველეს სასაფლაოზე წარმოებული გათხრებისას 59 ხის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობაშიც მუმიაა ჩასვენებული. მეცნიერთა განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, უახლოეს მომავალში კიდევ მრავალ არტეფაქტს მიაკვლიონ.
არქეოლოგებმა 2500 წლის წინანდელი სარკოფაგები, ეგვიპტელთა ღმერთების, სეკერისა და ნეფერტუმის ქანდაკებებთან ერთად, უძველესი ქალაქის, მემფისის ნეკროპოლისში განლაგებულ სამ სხვადასხვა სამარხში, 12 მეტრამდე სიღრმეზე აღმოაჩინეს. მკვლევართა აზრით, ისინი 26-ე დინასტიის მმართველობისას მცხოვრებ ქურუმებს, სახელმწიფო მოღვაწეებსა და იმდროინდელი ეგვიპტური საზოგადოების სხვა მნიშვნელოვან წევრებს ეკუთვნით.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი სარკოფაგების ნახვის საშუალება მეცნიერებმა მედიის წარმომადგენლებს ჯოსერის პირამიდასთან ახლოს გამართულ შეხვედრაზე მისცეს, რომელსაც ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი, ხალედ ალ-ანანი და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი კუბო მათ ჟურნალისტების თვალწინ გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მასში ჩასვენებული, ფერადი ორნამენტებითა და იეროგლიფებით გაფორმებულ სუდარაში გახვეული მუმია წარუდგინეს.
ხალედ ალ-ანანის განცხადებით, ეს დიდი აღმოჩენის არა დასასრული, არამედ დასაწყისია, რადგან საქარაში არაერთი ასეთი, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი სამარხია. სარკოფაგები ქალაქ გიზაში მდებარე დიდ ეგვიპტურ მუზეუმში ათასობით სხვა არტეფაქტთან ერთად გამოიფინება, ხოლო მსურველებს მათი დათვალიერება 2021 წლიდან შეეძლებათ.
popx.ge