ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი“, ფიროსმანის „გოგონა ბუშტით“, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა – „თიბისისა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის თანამშრომლობით შექმნილ ანიმაციაში „საქართველო – მუზეუმი“ გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი.
ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა – აკა მორჩილაძემ დაწერა.
პროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება კი, thecrux.tv-ს ეკუთვნის.
„სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].
ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა.
„საქართველო – მუზეუმი“ მთავარი მოქმედი გმირის – ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე.
მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის, აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული.