აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა, საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს, – ამ სიტყვებით ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედამ ნინო ქვრივიშვილმა საქმის პროკურორებს პროცესის დაწყებამდე მიმართა.
როგორც ის აცხადებდა, მისი შვილი უდანაშაულოა.
“ბავშვთან ჩახუტების უფლება მომეცით, ისედაც მოგეკითხებათ ამათი ცოდვა, ბავშვები გაწირეთ სამუდამოდ, თქვენ სახელზე სანთელი უნდა დავანთო, რომ ამოწყდეთ. რა დამაწყნარებს, უდანაშაულო ბავშვი დამიკავეთ. გაქცევაზე მიუსაჯეთ, რომ გაიქცა, მკვლელობაზე როგორ უსჯით? მართლა მკვლელებად უნდა აქციოთ? 12 წელში ჩემ შვილს ცოცხალი აღარ დავხვდები, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, ბარემ მომკალით! სიმართლე არ გაინტერესებთ. აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს! ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს”,- განაცხადა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.