ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს.
„ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული“ აღნიშნა მინისტრმა, რომელიც ცაგერში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.
„გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.