„მადლობა ყველა იმ მეხანძრე მაშველს რომლებმაც ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინეს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადარჩენილი სამი შვილის
დედამ დაწერა. თამუნა წერს, რომ ის და მისი 3 შვილი ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
„გამარჯობათ მეგობრებო! როგორც იქნა მომეცა საშუალება რომ პირადად ჩემი გვერდიდან მოგიხადოთ მადლობა. მე თამუნა ვარ იმ ბავშვების დედა, რომლებიც საზარელ ხანძარს გადაურჩნენ. მართლაც სასწაულით გადამირჩინა ღმერთმა… მხოლოდ ღმერთმა იცის რა საშინელებაც გავიარე და ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე, მაგრამ თქვენი თანადგომა და გულშემატკივრობა მაძლევს ძალას, რომ ეს ყველაფერი დავძლიო.
მადლობა ყველას ასეთი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის.ასეთ გასაჭირში ადამიანი თუნდაც სიტყვით, რომ გაგამხნევებს მაგით ცოცხლდები და წარმოიდგინეთ თქვენი ასეთი ყურადგება და დახმარება რამდენად მამხნევებს, მადლობა ყველა იმ მეხანძრე მაშველს, რომლებმაც ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინეს. ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ნაცნობებს და უცნობებს გვერდში დგომისთვის და განსაკუთრებით გლდანის მესამე მიკროს 87-ე კორპუსთან მდებარე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ბატონ ზურაბს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის…
არც კი ვიცი ჩემო საყვარელო ადამიანებო როგორ გამოვხატო მადლიერება, რადგან სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მსგავს სიტუაციაში ავღმოჩნდებოდი და ვერც ეხლა ვაცნობიერებ რაც ჩემს თავს ხდება და თუ რამე ისე ვერ გამოვხატე როგორც საჭიროა მომიტევეთ მეგობრებო.. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“ – წერს ბავშვებოს დედა.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2700033693544434&id=100006134897654
მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში 3 ბავშვი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო – სამაშველო ტექნიკის მობილიზება.
ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა.
უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.