ლაგოდეხში, 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ბაბუის ძმა, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სამართალდამცავები ეძებენ. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მამაკაცი სასამართლოში არ გამოცხადებულა და მისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ის. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც უზენაეს სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლაგოდეხში, 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე 58 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.