მსოფლიოს მილიარდერები ფლობენ მეტ სიმდიდრეს ვიდრე 4.6 მილიარდი ადამიანი, ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე 6.9 მილიარდი ადამიანი. ეს „ოქსფამის“ უახლესი მონაცემებია, რომელიც დავოსის ფორუმამდე გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ათწლეულში, მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა გაორმაგდა.
„ჩვენი დანგრეული ეკონომიკები კავშირშია მილიარდერთა ჯიბეებთან, რომელიც ჩვეულებრივი ქალებისა და მამაკაცების მიერ ივსება. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებმა დაიწყეს კითხვის დასმა, უნდა არსებობდნენ თუ არა საერთოდ მილიარდერები“, – განაცხადა „ოქსფამ“ ინდოეთის აღმასრულებელმა დირექტორმა ამითაბ ბეჰარმა.
„ოქსფამის“ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცები 50%-ით მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები, რაც „სექსისტური და უთანასწორო ეკონომიკური სისტემის შედეგია“.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს 22 ყველაზე მდიდარი მამაკაცი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ყველა ქალი ერთად აფრიკაში.
„ქალები ხშირად ისეთ სექტორებში არიან დასაქმებულნი, რომელიც მეტად საფრთხის შემცველი და ეკონომიკურად დაუფასებელია… ისინი ასრულებენ 75%-ზე მეტ აუნაზღაურებელ საქმეს“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.