თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდა გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროებისა, სასამართლოში ვიზიტები შეზღუდონ.
როგორც ბრიფინგზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, ეს თხოვნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქვთ.
„კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებისა და საშიშროების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე. განვმარტავ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღის განმავლობაში სტუმრობს დაახლოებით 3000-მდე მოქალაქე და დახურულ სივრცეში სხდომის დარბაზებში ტარდება ასობით პროცესი. სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადენზიფექციო სამუშაოები, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით პოტენციურად არის მზარდი. ძვირფასო მოქალაქეებო, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თქვენი, პატიმრების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაღალი სახოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გარდა გადაუდებელი საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობისა, შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ ვიზიტები სასამართლოში. მაქსიმალურად შეზღუდეთ სასამართლოში ვიზიტები იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ მხარეები და თქვენი სასამართლოში მობრძანება არ უკავშირდება გადაუდებელ აუცილებლობას და გადაუდებელ საჭიროებას. იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით სასამართლოსთან მიმართებით არსებულ გამოწვევას, გაითვალისწინებთ მათ შორის დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციებს და ჩვენ ყველა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ ნაბიჯებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით”, – განაცხადა იაშვილმა.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ მოწოდებაა.
“ეს არის მოწოდება, თხოვნა, რომ დავიცვათ ზოგადად ის რეკომენდაციები, რაც ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით თითოეულმა ჩენგანმაც უნდა შევასრულოთ. ეს ბუნებრივია აკრძალვა არ არის, ეს თხოვნაა. ეს ასევე ბუნებრივია, არ უკავშირდება მხარეებს, რომლებიც ვალდებულები არიან გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, თუ კონკრეტული მოსამართლე ჩათვლის, რომ კონკრეტული პროცესზე საზოგადოების სიმრავლიდან გამომდინარე რისკები მაღალია, შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.