ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 27 წლის ახალგაზრდა.
ინფორმაციას დაპირისპირების შესახებ jnews.ge ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. სავარაუდოდ, ჩხუბი სოფელ კულიკამში მოკლული კაცის გამო დაიწყო. დაპირისპირებისას 27 წლის კაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
“ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან”, – აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი “სამხრეთის კარიბჭესთან”.
როგორც jnews.ge-ს ჟურნალისტი, ქრისტინე მარაბიანი “ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში ამბობს, მას კამერა დაუმტვრიეს, ამიტომ ჩხუბსა და კამათს შორიდან იღებს, თუმცა კადრში გარკვევით ჩანს რამდენიმე კაცი როგორ ამსხვრევს მინებს. დამსხვრეულია კერძო საკუთრების სასტუმროს კარ–ფანჯარა. როგორც მარაბიანი ამბობს, დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, ერთი ადამიანი კი სასწრაფო მანქანით გადაიყვანეს.
“სამხრეთის კარიბჭე” დეტალებს არკვევს. ამ დრომდე რედაქცია ელოდება პასუხს შსს–დან, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურიდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.