“მივესალმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ ცნობების და მისი შიმშილობის დასრულებას”, – ამის შესახებ „ტვიტერზე” სენატორი ჯინ შაჰინი სენატორ რიშთან, სენატორ ჯონსონთან და სენატორ კარდინთან ერთად შემუშავებულ განცხადების ტექსტში წერს.
განაცხადებაში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო პროცესებზე, რომლებზე დასწრების საშუალებასაც მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა.
ამასთან, სენატორები დაჟინებით მოუწოდებენ მთავრობას დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს დამოუკიდებელ ექიმთა რეკომენდაცია.
„ჩვენ ახლოს ვაკვირდებით პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას და მისადმი მოპყრობას, რაც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აშფოთებს:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სააკაშვილი, რომ მისი დაბრუნება საქართველოში გააძლიერებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, იგი, როგორც ყველა დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც ელის მის სასამართლოს, იმსახურებს ღირსეულ და სამართლიან მოპყრობას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ჩვენ გვაწუხებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.
დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს დამოუკიდებელ ექიმთა რეკომენდაცია და უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილი იმ სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესების უზრუნველყოფა, ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და მისი თანდასწრებით.
სამართლიანი და სწრაფი სასამართლო არის ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანი და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.
ჩვენ სასწრაფოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტი მიანიჭოს სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას, და ყურადღებით მოეპყროს ამ ვითარების შესაძლო გავლენას საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობაზე.
ახლა არის დრო გვერდზე გადადოთ პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ვინაიდან ეს მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება, იზრდება არასწორი გათვლების რისკიც, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ბ-ნი სააკაშვილის სერიოზული დაზიანება ან უარესი შედეგიც.
ასეთ ტრაგედიას ექნებოდა ხანგრძლივი უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარე იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად“.
განცხადების ხელმომწერები არიან დემოკრატი სენატორები, სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ბენ კარდინი; სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრები – ჯიმ რიში და რონ ჯონსონი.