შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბროლაურის განყოფილების მეხანძრე – მაშველებმა, ლენტეხში, ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს. შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება.
ადგილზე იმყოფებიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.