“ეს შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც გარკვეული ხარვეზი ჩვენი მართვის, ასე ადვილი არ არის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აჭარაში ეპიდაფეთქების მიზეზებზე საუბრისას “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი” განაცხადა.
ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი ბათუმში საკურორტო სეზონზე შეზღუდვების არ არსებობით დაიწყო და შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო დაამძიმა.
“ჩვენ სექტემბრის შუა რიცხვებამდე გავრცელება გვქონდა სულ 1 500 ადამიანი და 19 გვყავდა გარდაცვლილი, ბათუმს ვერ მოვუარეთ თავის დროზე, მეორე, პოლიტიკური პროცესი იყო ქვეყანაში, კანდიდატები პირბადით იყვნენ და ურიგებდნენ პირბადეებს თავის მომხრეებს როცა ხვდებოდნენ, თუმცა ეს მოხდა შემდგომ და შემდგომ, როცა რეკომენდაცია, მერე თვითონ არჩევნების დღე, როცა 2 000 000 ადამიანი გამოვიდა, ეს დიდი მობილობა იყო, მერე არჩევნების შემდეგი დიდი შეკრებები და ასე შემდეგ, ამან ყველაფერმა ერთობლიობაში [ გაზარდა შემთხვევების რაოდენობა], თუმცა ყველაფერი დაიწყო საკურორტო სეზონებით და ჩვენ რატომღაც ზაფხულში ქართველებმა დავიჯერეთ რომ ყველაზე მაგრები ვართ. ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ ჩემი მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.