უცნობმა ადამიანებმა თბილისის სუპერმარკეტში განთავსებული “დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის” საქველმოქმედო ყუთებში 10 000 ლარზე მეტი დატოვეს. ამის შესახებ ფონდის სოციალური ქსელის გვერდიდან გავრცელდა ინფორმაცია.
ფონდმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს და თქვა, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჭირო წამალი დღესვე მიეწოდებათ.
,,უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ფონდში, პანდემიამ ჩვენი დონორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეამცირა, ზოგი ბიზნესი დაიხურა, ზოგმა დააპაუზა საქმიანობა, შესაბამისად ფონდში ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები განახევრდა.
ბენეფიციართა რაოდენობა კი იმატებს, ბოლო დროს ჩვენს მიერ განთავსებულ განცხადებებზე ოჯახის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული, რადგან ჩვენ ვეღარ ვახერხებთ მათთვის სათანადო ფინანსური დახმარების გაწევას.
ამ დროისთვის 4 ბენეფიციარს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები გერმანიიდან, ერთი გადასაყვანია ფრაიბურგის კლინიკაში სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად…
ასეთ დროს ვახდენთ ყველა რესურსის მობილიზებას, გუშინ “გუდვილის” ობიექტები ჩამოვიარეთ და აი, გზავნილიც კეთილი ადამიანებისგან,
საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალებში 10 045 ლარი და 6 დოლარი ამოვიდა, ეს მხოლოდ ქაღალდის ფული, რკინის ფულის ინკასაციაც დღის ბოლომდე განხორციელდება, რაც, როგორც წესი, საშუალოდ 2 000 ლარამდე გამოდის ხოლმე.
პირველ რიგში, მადლობა იმ კეთილ ადამიანს/ადამიანებს ვინც მადლი ყუთში ჩაგვიდო და “გაიარა”, ასე უხმოდ და გულიანად, აუცილებლად დაგხვდებათ წინ ჩვენი ანგელოზებისთვის გაწეული სიკეთე, ჩვენს ბავშვებს კი საჭირო წამალი დღესვე მიეწოდებათ“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.