5 ივლისს “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
მოძალადე გია გიგიაშვილის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა.
ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე ბრალი კიდევ 5 პირს აქვს წარდგენილი, ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა “TV პირველის” ოპერატორს, “სირცხვილიას” ოფისთან, სასტიკად სცემეს. 11 ივლისს ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.
შსს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი;
- “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.