თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით. რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.
მისივე თქმით, მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს.
„ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.