ჩინელი მეცნიერების თქმით, დეკემბრის შემდეგ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და ორ ერთმანეთისგან განცალკევებულ ვირუსის შტამად (ნაირსახეობად) ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ამ დროისთვის ორი ტიპის ერთმანეთის მსგავსი კორონავირუსი არსებობს, რომელიც ადამიანებს აინფიცირებს – ადამიანების უმრავლესობას ამ ვირუსის ყველაზე აგრესიული ფორმა აქვთ.
ამ დროისთვის კორონავირუსით მთელს მსოფლიოში 94 000 ადამიანია ინფიცირებული,3 200 გარდაიცვალა, ხოლო 50 000 გამოჯანმრთელდა.
ბეიჯინგისა და შანხაის ექსპერტების თქმით, ადამიანების 70% ვირუსის ყველაზე აგრესიული ფორმით ინფიცირდა, რომელიც თავის მხრივ, სხვა დაავადებებს იწვევს.
ამჟამად, ვირუსის შედარებით მარტივმა ფორმამ დაიწყო გავრცელება.
იმის გამო, რომ ვირუსი მუტაციას ძალიან სწრაფად განიცდის, შესაძლოა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები კვლავ ინფიცირდნენ.
ექსპერტებმა ვირუსის მუტაციის შესახებ დასკვნა მხოლოდ 103 შემთხვევის შესწავლის შემდეგ გამოიტანეს. ზუსტი დასკვნის გაკეთებისთვის, უფრო მეტი შემთხვევის შესწავლაა საჭირო.
სხვა მეცნიერების თქმით, ვირუსის მსგავსი ცვლილება ნორმალურია, როდესაც ის ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება.
მეცნიერებმა 103 შემთხვევის შესწავლის შემდეგ ვირუსის ორი ტიპი გამოყვეს, რომლებსაც „ლ“ და „ს“ უწოდეს. მათი თქმით, პაციენტების 70% სწორედ „ლ“ ნაირსახეობა ჰქონდა, რომელიც უფრო მეტად აგრესიული და სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე „ს“.
თუმცა, ბოლო პერიოდში „ლ“ ტიპის ვირუსის გავრცელება შემცირდა და წინა პლანზე ვირუსის „ს“ ნაირსახეობა გამოვიდა.
„ს“ ნაირსახეობა ნაკლებად აგრესიულია, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ ადამიანში ცხოველიდან ვირუსის სწორედ ეს ტიპი გავრცელდა და ადამიანების დაინფიცირება განაგრძო.
„ს“ ნაირსახეობა უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ამიტომ ადამიანებს დიდი დრო სჭირდებათ იმის გასაანალიზებლად, რომ ისინი ცუდად არიან. ეს კი ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის.
თუმცა, რადგან კვლევამ მხოლოდ შემთხვევების მცირე ნაწილი მოიცვა, ზუსტი დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით რთულია.