ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა, – ამის შესახებ BBC წერს.
კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთ მონაწილესთან გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა.
AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა“.
ცნობისათვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვაქცინას ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ, იმ პოტენციურ ვაქცინებს შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.
ვაქცინაზე ჩატარებული ფაზა 1 და ფაზა 2-ის ცდები წარმატებული აღმოჩნდა. ფაზა 3-ის ეტაპი რამდენიმე კვირაა დაიწყო და მასში დაახლოებით 30 000 ადამიანია ჩართული. ცდები მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.