ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა. როგორც დღეს ჯანმოში განაცხადეს, კორონავირუსის რისკი ამჟამად ძალიან მაღალია გლობალური მასშტაბით.
„კორონავირუსის გავრცელების და ზემოქმედების რისკის შეფასება გავზარდეთ. განახლებული შეფასებით, ეს რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 832-ს შეადგენს.
2022-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.