ინდოეთში ვირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს – კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა. ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და სიკვდილიანობაც, სავარაუდოდ, მაღალია.
არის თუ არა შანსი ორმაგად მუტირებული ვირუსი საქართველოში შემოვიდეს
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ ორმაგად მუტირებული ვირუსი საქართველოსთვის დიდი რისკია.
“ვირუსებისგან მუტაცია არ არის გასაკვირი, შეიძლება კორონავირუსმა ბევრნაირი მუტაცია განიცადოს. რაც შეეხება საქართველოში თუ შემოვა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს იმ ტემპებით, რა ტემპითაც იყო ნავარაუდევი, მუტირებული შტამი დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ახალ შტამს აქვს სწრაფად გავრცელების უნარი და სახიფათოა, ერთადერთი ბრძოლის მეთოდი არის ვაქცინაცია.
ასევე, მხოლოდ ვაქცინაციაც არ არის გამოსავალი, უნდა დავიცვათ წესები, რომ მალე დავამარცხოთ კორონავირუსი.
არსებობს ქრონიკული დაავადებები, რომლის დროსაც უნდა შეიკავოს თავი ვაქცინაციისგან ადამიანმა. თუ აქვს სიცხე, მწვავე გულსისხლძარღვთა პრობლემა, ან ინფექცია, ასეთ დროს ჯობია ვაქცინაციისგან თავი შეიკავონ,”-აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ინდოეთში დაფიქსირებული ორმაგად მუტირებული ვირუსი საქართველოში შემოვიდეს.
“ნებისმიერი მუტაციური ვირუსი შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში გავრცელდეს, ამაზე არავითარი ბარიერები არ არის. ამისთვის არსებობს ლუგარის ცენტრში სეკვენირების მეთოდი, რომლითაც პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს, რომელი ვირუსი ცირკულირებს ჩვენთან.
არც რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსის ჩვენთან გავრცელების ბარიერი არ არსებობს და არც იმის, რომ ჩვენთან აღმოცენდეს რაღაც მუტაცია, ამისგან დაზღვეული არ ვართ.
ჯერჯერობით, ახალი მუტაციებიდან მხოლოდ ბრიტანული შტამი ფიქსირდება ჩვენთან,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
RUSTAVI.GE