ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის 50 შემთხვევის გამოვლენა ვირუსის მესამე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს საჩხერის საავადმყოფოში განუცხადა, სადაც მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, საყურადღებოა.
„ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა, ის დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. სოციალური დისტანცია, ხელების დაბანა და პირბადე ჯერჯერობით რჩება ისევ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიასთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, დაწყებული ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გაგრძელდეს.
მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია, გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცნობილია. ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანციას და პირად ჰიგიენას“, – განაცხადა ტიკარაძემ.