ჩვენ ვიცით, რომ ამ შტამს ბევრი მუტაცია აქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
მან კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ახალ შტამზე, B.1.1.529-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მის შესახებ ცნობებით შეშფოთებულია და ამ ახალ ვარიანტს იძიებს.
“ჩვენ მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ხელმისაწვდომია მხოლოდ 100-ზე ნაკლები სრული გენეტიკური თანმიმდევრობა. თუმცა ვიცით, რომ ამ შტამს ბევრი მუტაცია აქვს”, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.
მისი თქმით, ვირუსის ევოლუციის ჯგუფი განიხილავს, შეუქმნის თუ არა ეს შტამი ვაქცინაციას საფრთხეს.
”კერძოდ, საუბარი იქნება იმაზე, კლასიფიცირდება თუ არა ეს შტამი შემაშფოთებელ ვარიანტად (VOC) თუ ინტერესის ვარიანტად (VOI). თუ შტამი ამ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ჯანმო მას ბერძნული ანბანის ასოს სახით სახელს მიანიჭებს”, – განაცხადა კერკხოვემ.