23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, იქამდე სანამ შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი, განაცხადა, რომ ბოლო დროს ახალგაზრდა სამსახურიდან შინ განერვიულებული ბრუდებოდა.
გარდაცვლილი კომპანია “ზეგში“ იყო დასაქმებული. მან სამუშაო ადგილი განცხადების საფუძველზე დაახლოებით ორი დღის წინ დატოვა.
23 წლის გოგოს მამა ამბობს, რომ შვილს პრობლემები ჰქონდა სამსახურში, ასევე მშობლებისთვის უცნობი იყო, რას საქმიანობდა კონკრეტულად გარდაცვლილი ახალგაზრდა.
ასევე, მამამ მედიასთან შვილის კუთვნილ კომპიუტერთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. მამა ამბობს, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მას უთხრა, რომ ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა, მშობლისთვის არ უთქვამს.
“მთელი ღამე ვრეკავ, არ მპასუხობს. კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო. არ უთქვია რა პრობლემის, ამიტომ მისკდება გული. ეს იყო გუშინ. კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, ის პირი მეუბნება ამას. როდესაც განერვიულებული მოდიოდა, მითქვამს, რა არის შვილო, რა ხდება-თქო, მაგრამ არ უთქვია ჩემთვის არაფერი,“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგო. ახლობლები ამ დროისთვის ფონიჭალაში არიან შეკრებილები.
rustavi2.ge