დღევანდელი კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა და განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის თუ სხვა პროცესების განვითარების კუთხით რისკებს ხსნის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800 შემთხვევას და მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ინფექციის ბავშვებში გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგივიწია დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.