ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე დეტალური და მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.
მისივე თქმით, იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის გაიდლაინს კოვიდვაქცინის დამახასიათებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიც დაემატა.
„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ“, – განაცხადა გაბუნიამ.